English / ქართული /








Journal number 2 ∘ Nino Papachashvili
Non-Tariff Measures in Georgia-EU Trade in the Context of Trade Neoprotectionism

The paper is dedicated to the analysis of using non-tariff measures in Georgia-EU trade in the context of trade neoprotectionism. The article points out that achieved institutional progress in the cooperation with the EU needs to be strengthened based on the trade relations as the main pillar of the economic relations.

The work deals with neoprotectonist trends in the current international trade. The hypothesis is whether non-tariff measures impede Georgia’s exports. For this purpose, the existing trade barriers between Georgia and the EU are analyzed based on the internationalstatistical base - Global Trade Alert and the results of the Georgian Exporters’ Survey based on questionaire (the survey was conducted within the framework of the TSU Targeted Scientific Research Project, 2016).

The fragmentary harmful effects of non-tariff measures to the commercial interests of Georgian exporters are revealed; non-tariff measures are not essentially restrictive to the Georgia-EU trade relations. The sanitary, phytosanitary, technical, etc. standards are perceived by exporters positively and are supportive to the expantion of trade cooperation.

Keywords: Georgia; EU; Non-Tariff Barriers; Deep and Comprehensive Free Trade Agreement; Georgia-EU Trade.

JEL Codes: F13, F15

არასატარიფო ზომები საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში სავაჭრო ნეოპროტექციონიზმის კონტექსტით

ნაშრომში გაანალიზებულია არასატარიფო ზომების გამოყენება საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში სავაჭრო ნეოპროტექციონიზმის კონტექსტით. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობაში მიღწეულ ინსტიტუციურ პროგრესს საჭიროა ამყარებდეს ეკონომიკური თანამშრომლობის, მეტადრე, მისი მთავარი მდგენელის - სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება. ნაშრომში განხილულია ნეოპროტექციონისტული გამოვლინებები თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობაში და ამ კონტექსტით წამოყენებულია ჰიპოთეზა - არის თუ არა არასატრიფო ზომები საქართველოს ექსპორტისთვის დამაბრკოლებელი. ამ მიზნით საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაში არსებული ბარიერები გაანალიზებულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტატისტიკურ ბაზაზე (Global Trade Alarm) და მეორე მხრივ, ქართველ ექსპორტიორთა გამოკითხვის შედეგებზე (კვლევა ჩატარდა თსუ-ის მიზნობრივი სამეცნიეროკვლევითი პროექტის ფარგლებში 2016 წელს) დაყრდნობით. გამოვლენილია არასატარიფო ბარიერების ფრაგმენტული შემზღუდველობა ქართველ ექსპორტიორთა კომერციული ინტერესების საზიანოდ; არასატარიფო ზომები არსებითად არ არის დამაბრკოლებელი საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთიერთობებში. სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ, ტექნიკურ და ა.შ. სტანდარტებთან დაკავშირებული მოთხოვნები მოქმედ ექსპორტიორთა მიერ დადებითადაა აღქმული და ქმნის სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს.

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ევროკავშირი; არასატარიფო ბარიერები; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება; საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა.

2017-2020 წლებისთვის, ოფიციალურად ამოქმედდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას 2020 წლამდე მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. ამ მიმართულებით ეტაპობრივად გადადგმული პროგრესული ინსტიტუციური ნაბიჯების მიღმა, დღის წესრიგში რჩება ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება და განმტკიცება. ამ თვალსაზრისით საქართველოსა და ევროკავშირის ფართო ეკონომიკური ურთიერთობებიდან მნიშვნელოვანია გამოვყოთ ერთ-ერთი ძირითადი მდგენელი - სავაჭრო ურთიერთობები და გავაანალიზოთ სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენტების რელევანტური გამოყენების საკითხი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით (2018 წლის იანვარ-აპრილში), საქართველოს ექსპორტის 25,1% მოდის ევროკავშირზე, ხოლო ევროკავშირიდან იმპორტზე მოდის 29,4%. ორივე მაჩვენებელი ჩამორჩება დსთ-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

       ნახ. 1. საქართველოს ექსპორტი ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, 2008-17 წწ., ათასი აშშ დოლარი [20]

ექსპორტისა და იმპორტის წილის მოყვანილი დინამიკა ქვეყანათა ჯგუფების მიხედვით, კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაძლებლობების ძიების აუცილებლობას საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისთვის. სამეცნიერო კვლევისთვის უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ დავსვათ საკითხი, ხომ არ უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას სავაჭრო პოლიტიკის ესა თუ ის ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს არასატარიფო ბარიერები, ვინაიდან სატარიფო შეზღუდვები მოხსნილია საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაში. ჰიპოთეზის ფორმირებისკენ გვიბიძგა იმ გარემოებამ, რომ გლობალური მასშტაბით ლიბერალური საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის მიღწევები ნეოპროტექციონისტული მიდგომების გააქტიურებამ ეჭვქვეშ დააყენა.

ბოლო 3 წლის განმავლობაში კომერციული ინტერესებისათვის საზიანო არასატარიფო ბარიერების კლების ტენდენციის მიუხედავად, ნეოპროტექციონისტული მიდგომების არსებობა განვითარებული ქვეყნების საგარეო სავაჭრო პოლიტიკაში საკითხს კვლავ აქტიური სამენიერო განხილვის ობიექტად ტოვებს. მაგალითად, საინფორმაციო პორტალი, რომელიც გლობალური მასშტაბით საგარეო ვაჭრობაზე მოქმედ სახელმწიფო ინტერვენციებს აღწერს 2008 წლიდან (ის შეიქმნა ეკონომიკური პოლიტიკის ლონდონის კვლევის ცენტრის მიერ და აღიარებულია ერთ-ერთ სრულყოფილ ბაზად არასატარიფო ზომების მოცვის თვალსაზრისით, მ. შ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ), ნათელ წარმოდგენას გვიქმნის სავაჭრო ზომების გამოყენების მასშტაბურობაზე (იხ. ცხრილი). ამასთან, გვაწვდის ინფორმაციას არასატარიფო ინსტრუმენტების ნაირსახეობისა და გამოყენების ინტენსივობის შესახებ ქვეყნების მიხედვით.

საგარეო ვაჭრობაზე მოქმედი სახელმწიფო ინტერვენციები, 2008-2018 წწ. [19]

ცხრილი 1

სავაჭრო ზომების გამოყენების კლების მიუხედავად (ნახ. 3), როგორც ვხედავთ, სავაჭრო ინტერესების დამაზიანებელ ინტერვენციებზე 95,58 % მოდის. თუ აღნიშნულს დავუმატებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ხდება სავაჭრო ბარიერების ინიცირება (განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის პრეზიდენტის დ. ტრამპის პროტექციონისტული განცხადებები და ღონისძიებები), ცხადი ხდება, რომ ფრიტრედერობისთვის მომართული გლობალური ლანდშაფტი რეალური საფრთხის ქვეშ არის.

 ზოგადად სატარიფო ბარიერების შემცირებას თან ახლდა არასატარიფო ბარიერების ზრდა, რაზედაც მეცნიერები მიანიშნებდნენ XX საუკუნის 90-იანი წლებისკვლევებში - ბჰაგვატი [5], ბალდუინი [7] და სხვ., თუმცა, საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო დისკუსია ფართოდ გაიშალა 2008 წლის გლობალური საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში. არასატარიფო ზომების მკვეთრ ზრდას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, რომელთაგან აღსანიშნავია ევენეტის [9; 10; 17], ფრიცის [10], მურინას და ნიკიტას [5], ბაგჩეტას, რიჩტერინგის, სანტანას [6] და სხვათა [13] ნაშრომები. აღნიშნულ მოვლენას სხვადასხვა დროს ვაშუქებდით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში წარდგენილი მოხსენებებით და გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებით [1-4; 15-16].

საერთაშორისო მასშტაბით კომერციული ინტერესებისათვის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტარიუმის სტრუქტურაში საიმპორტო სატარიფო ზომებს მხოლოდ 15,7% უჭირავს; ვაჭრობის დაფინანსებაზე მოდის 17,4%; ანტიდემპინგურ ღონისძიებებზე - 12%; ფინანსურ გრანტებზე 6,5%; სახელმწიფო სესხზე - 5,1%; სხვა დანარჩენ ფორმებზე - 43,3 %, რომელთაგან უმრავლესობა სავაჭრო შეზღუდვის არატრადიციულ ფორმებს განეკუთვნება [19].

ზემოაღნიშნული ვითარების ფონზე განვიხილოთ არასატარიფო ბარიერების როლი საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში. დღეისათვის სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხორციელდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA - არის ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილი და 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა) ფარგლებში. ის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და არა მარტო საქართველო–ევროკავშირის ურთიერთვაჭრობაში გამოყენებულ სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენტებს ადგენს, არამედ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ფართო ინსტიტუციურ ჩარჩოს განსაზღვრავს.

DCFTA მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამიბის შეფასება; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა; დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომეცია; მიმდინარე გადასახადები და კაპიტალის მოძრაობა; საჯარო შესყიდვები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები [18]. DCFTA-ის შემადგენელი 14 თავიდან 9 სწორედ არასატარიფო ზომების მოწესრიგებას უკავშირდება (წარმოშობის წესები, საბაჟო საკითხები, დაცვითი ზომები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები, კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, ვაჭრობა და მდგრადი განვითარება).

საბაჟო ტარიფების მოხსნის ფონზე ცალსახად მნიშვნელოვანი ხდება არასატარიფო ზომები. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაგეგმილია არასატარიფო ბარიერების მოხსნა, სავაჭრო პარტნიორთა ეკონომიკური განვითარების განსხვავებული დონეების გათვალისწინებით, ეს პროცესი არ არის მარტივი. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტატისტიკური ბაზები საქართველოს მიმართ გამოყენებული არასატარიფო ბარიერების შესახებ მწირ და გასხვავებულ ინფორმაციას იძლევა (მ. შ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტეგრირებული სავაჭრო ანალიზის პორტალი http://i-tip.wto.org/goods/Forms/TableView. aspx?mode=modify ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მხოლოდ 15 სავაჭრო შემზღუდველი ზომის გამოყენებაზე მიუთითებს). ამ თვალსაზრისით შედარებით უფრო სრულყოფილი ზამოაღნიშნული გლობალური სავაჭრო საინფორმაციო ბაზაა (www.globaltradealert.org). ამ უკანსკნელზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს მიმართ 2009-18 წლებში 30 ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშემწყობი, ხოლო 38 ვაჭრობის საზიანო ღონისძიება განახორციელეს. პირიქით, საქართველოს მიერ გატარებულ რაიმე შემზღუდველ ზომებზე ბაზა არ იძლევა ინფორმაციას. ამიტომ ყურადღებას ქართული ექსპორტის დაბრკოლებებზე გავამახვილებთ.

შესაბამისი ზომების გამოყენების დინამიკა ჩანს ნახაზებზე 4 და 5. საზიანო ზომებიდან 7 შეეხო ტრადიციულ საექსპორტო საქონელს - თხილს (0802), 4 - ნავთობპროდუქტებს (2710), 3 - სპილენძის ნარჩენებს და ჯართს (7404), 3 - მედიკამენტებს (3004). დანარჩენი ღონისძიებებიდან, რომლებიც ერთ ან ორ შემთხვევას წარმოადგენდა, აღსანიშნავია ახალი ყურძნის ღვინის (2204) მიმართ გატარებული 2 ზომა.

საერთაშორისო სტატისტიკური ბაზების სიმწირემ გვიბიძგა საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობაში არასატარიფო ზომების როლის გამოსავლენად კითხვარზე დაფუძნებული სოციოლოგიური კვლევა ჩაგვეტარებინა [4], რომელიც ასახავს 131 ქართველი ექსპორტიორის კვლევის შედეგებს. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამ სახის კვლევა პირველად ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის არსატარიფო ბარიერების კვლევა კითხვარზე დაფუძნებული გამოკითხვით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩატარდა [8], რომლის შედეგებიც მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა შედარების საშუალებას მიღწეული პროგრესის (ანუ დაძლეული ბარიერების) შესახებ განხსვავებული კითხვარის სტრუქტურის, გამოკითხულ საექსპორტო ფირმათა რაოდენობისა და სექტორული განაწილების გამო. მკვლევართა მიერ კითხვარი შედგენელია გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის არასატარიფო ბარიერების კლასიფიკაციის გათვალისწინებით [11; 14; 21].

გამოკითხული კომპანიების 67%-ს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 5 ან მეტი წლის გამოცდილება ჰქონდა. ნებისმიერ სავაჭრო ზომასთან მიმართებით, გამოკითხულ ექსპორტიორთა არაუმეტეს 5 % მიუთითებს მათ შესახებ როგორც ამკრძალავ ბარიერზე, თუმცა დამაბრკოლებელი და მეტისმეტად დამაბრკოლებელი ღონისძიებების შესახებ პასუხების უფრო მეტი წილი დაფიქსირდა.

გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებთან დაკავშირებული ეტიკეტირების, მარკირების, შეფუთვის მოთხოვნები არ არის შემზღუდველი, ხოლო 23 % კი მიიჩნევს რომ აღნიშნული მოთხოვნები დამაბრკოლებელია. ამასთან, გამოკითხულთა მხოლოდ 23 % მიიჩნევს, რომ ჰიგიენური მოთხონები შემზღუდველია და 21 % მიიჩნევს, რომ საბოლოო პროდუქტში მცენარეთა და ცხოველთა პარაზიტებსა და დაავადების გამომწვევი ორგანიზმების აღმოფხვის რეჟიმის მოთხოვნები შემზღუდველია.

გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ ზომებთან დაკავშირებული შესაბამისობის შეფასების მოთხოვნები შემზღუდველია ექსპორტირებისას. 15 % აფიქსირებს, რომ ტექნიკური სტანდარტებით განსაზღვრული ზომები (აკრძალვები, ავტორიზაციის მოხოვნები, რეგისტრაციის მოთხოვნები, სხვა აკრძალვები/შეზღუდვები) დამაბრკოლებელია ექსპორტირების პროცესში.

ექსპორტიორთა უმრავლესობამ ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნებიდან დაასახელა შეფუთვის, მარკირებასა და ხარისხთან დაკავშირებული სტანდარტების დაკმაყოფილების მოთხოვნები. გამოკითხულთა მხოლოდ 8 % მიიჩნევს,რომ საბაჟო ფორმალობები დამაბრკოლებელია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორებს სხვადასხვა ტიპის ცვლილების განხორციელება უწევთ ევროკავშირის მხარეს არსებული მაღალი სტანდარტების გამო. მაგალითად, გამოკითხულ ექსპორტიორთა 19%-ს უწევს შეიტანონ გარკვეული ცვლილებები საწარმოო პროცესში ევროკავშირის მხრიდან საწარმოო და წარმოებისშემდგომი პროცესების მიმართ წაყენებული მოთხოვნების გამო. მიუხედავად აღნიშნულისა, გამოკითხულ ექსპორტიორთა მოლოდინი ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებისას უკავშირდება პროდუქციის ხარისხის ამაღლებას (23%), ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას (23%) და საერთო ანგარიშით, ექსპორტის ზრდას (27%).

ამგვარად, თანამედროვე საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთოებები ხასიათდება არასატარიფო ბარიერების გამოყენების დიდი მრავალფეროვნებით და ამასთან, ზრდით, რაც აშკარად შეინიშნება 2008 წლის საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში. არასატარიფო ზომების ფართოდ გავრცელებისა გამო, სავაჭრო პოლიტიკა სულ უფრო რთული და მრავალმხრივი ხდება. ინსტიტუციური ჩარჩოს მოწესრიგების თვალსაზრისით საქართველო-ევროკავშირს შორის გადადგმულ ნაბიჯებს საჭიროა ამყარებდეს მდგრადი სავაჭრო ურთიერთობები. გლობალური ნეოპროტექციონისტული გამოვლინებების ფონზე შემოწმდა ჰიპოთეზა - არის თუ არა არასატრიფო ზომები საქართველოს ექსპორტისთვის დამაბრკოლებელი.

კოლებელი. საერთაშორისო სტატისტიკურ ბაზასა (Global Trade Alarm) და კითხვარზე დაფუძნებულ ქართველ ექსპორტიორთა გამოკითხვის შედეგებზე (კვლევა ჩატარდა თსუ-ის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში 2016 წელს) დაყრდნობით გამოვლინდა საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების ფრაგმენტული შემზღუდველობა ქართველ ექსპორტიორთა კომერციული ინტერესების საზიანოდ; არასატარიფო ზომები არსებითად არ არის დამაბრკოლებელი საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთიერთობებში. სხვადასხვა სახეობის არასატარიფო ბარიერის მიხედვით მას არაუმეტეს ექსპორტიორთა 5% მიიჩნევს ამკრძალავად, დამაბრკოლებლად ან მეტისმეტად დამაბრკოლებლად კი - არაუმეტეს 25%. სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ, ტექნიკურ და ა.შ. სტანდარტებთან დაკავშირებული მოთხოვნები მოქმედ ექსპორტიორთა მიერ უფრო მეტად დადებითადაა აღქმული და ქმნის სავაჭრო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს. მოსალოდნელია, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას ევროკავშირში ინსტიტუციური ჰარმონიზაციის გზით. ამიტომ ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობიდან მეტი სარგებლის მისაღებად საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტები გადატანილი უნდა იყოს „გარე საზღვრებიდან“ ხარისხის საშინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, რაც ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ჰარმონიზაციას დააჩქარებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის გაფართოებისთვის სხვა (მოცემული კვლევის მიღმა არსებული) საკითხებია უმნიშვნელოვანესი, რომელთაგან საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციას, დაფინანსების და მასობრივი წარმოების პრობლემების გადჭრას გადაუდებელი ამოცანად მივიჩნევთ.

ლიტერატურა:

1. პაპაჩაშვილი ნ. გლობალიზაცია და ნეოპროტექციონიზმი, III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები «გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითრების პერსპექტივები”, თბ., უნივერსალი, 2010, გვ. 98-103.

2. პაპაჩაშვილი ნ. საერთაშორისო საგარეო სავაჭრო პოლიტიკის თვისებურებანი თანამედროვე საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი, №4, გვ. 43-56, 2013.

3. პაპაჩაშვილი ნ., ბაქრაძე გ. თანამედროვე გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის, პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 90-ეწლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული; პოსტკომუნისტური ქვეყნების ეკონომიკების აქტუალური პრობლემები თანამედროვე ეტაპზე; 28-29 ივნისი, 2013.

4. პაპაჩაშვილი ნ., ჯამაგიძე ლ., თავართქილაძე მ., მიქაბერიძე თ., დანელია ი. ევროკავშირის არასატარიფო ბარიერების გავლენა საქართველოს ექსპორტზე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ანგარიში (1), თბ., 2016.

5.https://www.tsu.ge/ge/faculties/economics/library/ 5. Bhagwati J. Protectionism. Cambridge MA, MIT Press, 1988.

6. Bacchetta M., Richtering, J., Santana R. How much light do WTO notifications shed on NTMs? In: Cadot, O and Malouche, M, eds. Non-Tariff Measures: A Fresh Look at Trade Policy’s New Frontier. Centre for Economic Policy Research/World Bank. London/Washington, DC, 2012.

7. Baldwin R. Measuring non-tariff trade policies. In: De Melo, J and Sapir, A, eds. Trade Theory and Economic Reform. Basil Blackwell. Oxford, 1991.

8. Economic Feasibility, General Economic Impact and Implications of Free Trade Agreement between the European Union and Georgia According, Edited by Maliszcewska M., CASE – Center for Social and Economic Research, Warsaw, 2008.

9. Evenett S. Protectionism’s Quiet Return, Centre for Economic Policy Research, 2013.

10. Evenett S., Fritz J. Going Spare: Steel, Excess Capacity, and Protectionism, CEPR Press, 2018.

11. GUIDELINES TO COLLECT DATA ON OFFICIAL NON-TARIFF MEASURES SEPTEMBER 2014 VERSION, United Nations, 2014.

12. Murina M., Nicita A. TRADING WITH CONDITIONS: THE EFFECT OF SANITARY AND PHYTOSANITARY MEASURES ON LOWER INCOME COUNTRIES’ AGRICULTURAL EXPO, UNCTAD, Geneva, 2014.

13. Non-Tariff Measures – A Fresh Look at Trade Policy’s New Frontier Copyright, edited by Olivier Cadot and Mariem Malouche, The International Bank for Reconstruction and Development/The World Bank, 2012.

14. NON-TARIFF MEASURES TO TRADE: Economic and Policy Issues for Developing Countries. DEVELOPING COUNTRIES IN INTERNATIONAL TRADE STUDIES, UNITED NATIONS, 2013.

15. Papachashvili N. Global Crisis and the Issue of Regulating Neoprotectionist Approaches in International Trade, Proceedings of IV International Scientific-Practical Conference, Ukrine, 2011, pp. 48-49.

16. Papachashvili N. Current Trends in International Trade: Challenges and Opportunities for Development (Speech at the conference: Science with and for Society - Contributions of Cybernetics and Systems), in the book of Proceedings (under publishing): “Science with and for Society: Contributions of Cybernetics and Systems”. ISBN 978-1-138-59728-0 https:// www.routledge.com/Cybernetics-and-Systems-Social-and-Business-Decisions/BarileEspejo-Perko-Saviano/p/book/9781138597280 (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).

17. Will Stabilisation Limit Protectionism? Edited by Evenett S., Centre for Economic Policy Research, 2010. Trade and Non-tariff Measures: Impacts in the Asia-Pacific Region Prepared by Adam Heal and Giovanni Palmioli, UNITED NATIONS, 2015.

18. http://www.dcfta.gov.ge/ge/agreement - DCFTA-ის შესახებ ვებგვერდი. ვებგვერდს მართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).

19. https://www.globaltradealert.org - გლობალური საინფორმაციო და სტატისტიკურ მონაცემთა პორტალი არასატარიფო ზომების შესახებ; (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).

20. www.geostat.ge - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).

21. http://unctad.org - გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).

22. http://i-tip.wto.org/goods/Forms/TableView.aspx?mode=modify - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტეგრირებული ვაჭრობის ანალიზის პორტალი; (ვებ-გვერდი ნანახია 28/05-2018).